უეფა-მ თავის ოფიციალურ გვერდზე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფორმატის შეცვლის შესახებ განცხადება გაავრცელა.
ახალი სქემის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 26 გუნდი პირდაპირ მოხვდება. კიდევ 6 მონაწილე შესარჩევი ტურნირის შედეგად გაირკვევა.
პირდაპირ საგზურებს მიიღებენ:
– ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები;
– ოთხ-ოთხი კლუბი უეფა-ს საკლუბო რეიტინგის ოთხი ლიდერი ქვეყნიდან (ამ მომენტისთვის – ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია);
– ორ-ორი კლუბი იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც უეფა-ს საკლუბო რეიტინგში მე-5 და მე-6 ადგილები უკავიათ (ამ მომენტისთვის – საფრანგეთი და რუსეთი);
– იმ ქვეყნის ჩემპიონები, რომლებსაც უეფა-ს საკლუბო რეიტინგში 7-10 ადგილები უკავიათ (ამ მომენტისთვის – პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი);
– თუ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით მიიღებს, მაშინ გამონთავისუფლებულ ადგილს დაიკავებს იმ ქვეყნის ჩემპიონი, რომელიც უეფა-ს საკლუბო რეიტინგში მე-11 ადგილზეა (ამ მომენტისთვის – ჩეხეთი);
– თუ ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით მიიღებს, მაშინ მის ადგილს დაიკავებს იმ ქვეყნის მესამე გუნდი, რომელიც უეფა-ს საკლუბო რეიტინგში მე-5 ადგილზეა (ამ მომენტისთვის – საფრანგეთი);
ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება 27 გუნდი, კიდევ 21 ადგილი კვალიფიკაციაში გათამაშდება.
ევროპის ლიგაზე პირდაპირ საგზურებს მიიღებენ:
– ორ-ორი გუნდი ხუთი საუკეთესო ჩემპიონატიდან (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი);
– თითო გუნდი იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც უეფა-ს საკლუბო რეიტინგში 6-12 ადგილები უკავიათ (ამ მომენტისთვის – რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია);
– 10 გუნდი, რომლებიც გამოვარდნენ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირის მე-3 და მე-4 რაუნდებიდან.
ფორმატში ცვლილებები მომდევნო სეზონიდან შევა ძალაში.