უეფა ფინანსურ ფეირ-პლეის ცვლის - მთავარი სიახლე ხელფასის ზედა ზღვრის დაწესებაა #1TVSPORT
უეფა-მ დაამტკიცა ფინანსური სამართლიანი თამაშის (ფინანსური ფეირ-პლეის) ახალი წესები, რომლებიც ძალაში 2022 წლის ივნისში შევა. ამის შესახებ კომენტარი უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინიმ გააკეთა.
ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები უეფა-მ 2010 წელს დანერგა. კლუბის ფინანსური მონიტორინგის რეფორმის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა კორონავირუსის კრიზისის შემდეგ, რამაც რამდენიმე გაბერილი ბიუჯეტის მქონე კლუბი გაანადგურა.
„2010 წელს უეფა-ს შემოღებულმა ფინანსური ფეირ-პლეის პირველმა წესებმა თავისი ძირითადი ამოცანა შეასრულა. მან ევროპული ფეხბურთისა და საფეხბურთო კლუბების მართვაში რევოლუცია მოახდინა. თუმცა საფეხბურთო ინდუსტრიის ევოლუციამ, პანდემიის გარდაუვალ ეკონომიკურ გავლენასთან ერთად, ფინანსური მდგრადობის ახალი რეფორმების საჭიროება აჩვენა.
ახალი მოვლენების შემუშავებისას, უეფა მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროპული ფეხბურთის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დაეხმაროს კლუბებს ახალი გამოწვევების დაძლევაში. ეს წესები დაგვეხმარება დავიცვათ ფეხბურთი და მოვამზადოთ მომავალი პოტენციური შოკისთვის, წავახალისოთ გონივრული ინვესტიციები და ჩვენი სახეობისთვის უფრო მდგრადი საფუძველი ავაშენოთ. ახალი წესების მთავარი მიზანი ფინანსური მდგრადობის მიღწევაა. ეს შესაძლებელი იქნება სამი ძირითადი ასპექტით: გადახდისუნარიანობის, სტაბილურობისა და ხარჯების კონტროლის საშუალებით.
ახალ წესებში ყველაზე დიდი სიახლე ხელფასის ზედა ზღვარის დაწესებაა. რეგულაცია ზღუდავს ხელფასების, ტრანსფერებისა და აგენტების საფასურს კლუბის შემოსავლის 70%-მდე. შეფასებები ჩატარდება დროულად და დარღვევები გამოიწვევს წინასწარ განსაზღვრულ ფინანსურ სანქციებს და სპორტულ ჯარიმებს“, – განაცხადა უეფა-ს ვებ-გვერდთან ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა.
ფინანსური სამართლიანი თამაშის რეფორმა უნდა იყოს პასუხი იმ კლუბების სურვილზე, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, სუპერლიგის დაფუძნება სურთ. მისი იდეოლოგები მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და „იუვენტუსის“ მფლობელი ანდრეა ანიელი არიან, მაგრამ პროექტის მონაწილეებს ეროვნული შეჯიბრებიდან გარიცხვით დაემუქრნენ და მისი დაწყება ჩაიშალა.
2009 წლის შემოდგომაზე უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა ფინანსური ფეირ-პლეის (ფინანსური სამართლიანი თამაშის) კონცეფცია, რომელიც შეიქმნა ძველი სამყაროს ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია იყო კლუბების გადაჭარბებული ხარჯები. 2009 წელს ყველა ევროპულმა კლუბმა დახარჯეს 13,3 მილიარდი ევრო, 2010 წელს 14,4 მილიარდი ევრო, 2011 წელს 16,6 მილიარდი ევრო.
ამასთან, კლუბის შემოსავლები ყოველწლიურად იკლებდა. კიდევ ერთი პრობლემა ბევრი ფულის ხარჯვა იყო. შედეგად, კლუბების მცირე ნაწილი სწრაფად გადაიქცა გიგანტად, დანარჩენებთან კი უდიდესი ზღვარი გაჩნდა. თუმცა გუნდის დამფინანსებლებს ბიზნესში პრობლემა თუ უჩნდებოდათ ან ფეხბურთიდან წასვლას გადაწყვეტდნენ, მაშინ ერთ წელზე ნაკლებ დროში კლუბი ისევ აუტსაიდერად გადაიქცეოდა ან საფეხბურთო რუკიდან საერთოდ ქრებოდა. უეფა-ს, რა თქმა უნდა, ასეთი არასტაბილურობა არ აწყობდა, ამიტომ საჭირო გახდა გუნდების ხარჯების დარეგულირება.