უძველესი ოკეანის ფსკერზე პრეისტორიული ჭიაყელების სოროების „მაგისტრალი“ აღმოაჩინეს
ნახევარი მილიარდი წლის წინ, ოკეანის ფსკერზე სიცოცხლე სრულად მოისპო, რადგან იქ არსებობისათვის საჭირო ჟანგბადი აღარ იყო.
ახლახან, შემთხვევითი აღმოჩენის წყალობით, მეცნიერებს ამ მოსაზრებაში უკვე ეჭვი ეპარებათ. ჩრდილოეთ კანადაში, რეგიონში, რომელიც უძველეს ხანაში ზღვის ფსკერი იყო, გეოლოგებმა აღმოაჩინეს პრეისტორიული ჭიაყელების სოროების „ავტომაგისტრალი“.
განმარხებული სოროები კემბრიული პერიოდით თარიღდება, 270 მილიონი წლით უფრო ადრე, პირველი დინოზავრების გამოჩენამდე. ისინი იმაზე მიუთითებს, რომ ზღვების ყველაზე ღრმა ადგილებშიც კი, სიცოცხლე და ჟანგბადი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ერთ დროს ვფიქრობდით.
აღმოჩენა სასკაჩევანის უნივერსიტეტის გეოლოგმა და პალეონტოლოგმა ბრაიან პრატმა გააკეთა. იგი უკვე 35 წელია იკვლევს მაკენზის მთების ქანებს ჩრდილო-დასავლეთ კანადაში.
უჩვეულო ქანები მან პირველად წლების წინ, შემთხვევით აღმოაჩინა. სოროები, სადაც ერთ დროს უძველესი ჭიაყელები დაძვრებოდნენ, უხილავი იყო, სანამ პრატმა სპეციალური სკანერი არ გამოიყენა.
ქანების ფენებს შორის მშვენიერი სიურპრიზი იმალებოდა — განსაკუთრებით კარგად გამოთხრილი სოროები, რომლებიც ერთმანეთს მრავალ ადგილას კვეთდნენ.
სოროების სიგანე 0,5-დან 15 მილიმეტრამდე მერყეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროს, ამ უჩვეულო ადგილას ჭიაყელების საკმაოდ ბევრი სახეობა ბინადრობდა.
მაგალითად, ზოგიერთი ეს პრეისტორიული ჭიაყელა ზომაში მილიმეტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ზოგი კი დაახლოებით თითის სიგრძე.
კვლევის ავტორთა აზრით, პატარა სოროები მრავალჯაგრიანი ჭიების მიერ არის გაკეთებული. დიდი სოროები კი სავარაუდოდ მტაცებლებს ეკუთვნოდა, რომლებიც ამ დამალული სოროებიდან თავს ესხმოდნენ ფეხსახსრიანებს და ზედაპირის ბინადარ სხვა ჭიებს.
კემბრიული პერიოდი ცნობილია სიცოცხლის ნამდვილი აფეთქებით, მრავალუჯრედიანი ორგანიზმების განვითარებითა და მათი მთელ პლანეტაზე გავრცელებით. ასევე ჩრდილოეთ კანადაშია ნაპოვნი ე. წ. ბიორჯესის ფიქალი, რომელიც გამოირჩევა საკმაოდ კარგად შემონახული კემბრიული ნამარხებით.
მეცნიერთა აზრით, ეს ნამარხები ასე კარგად იმიტომ შეინახა, რომ ოკეანის ფსკერზე ისინი მაშინ ჩაცვივდა, როცა ჟანგბადი ნაკლები იყო, რამაც ხელი შეუშალა მათ ხრწნას. ასევე ცოტა იყვნენ არსებები, რომლებსაც შეეძლოთ, ისინი შეეჭამათ.
თუკი ახალი კვლევა ზუსტია და სინამდვილეში იმ დროს ზღვის ფსკერზე სიცოცხლე არსებობდა, შესაძლოა მოგვიწიოს უძველესი ოკეანეებისა და კონტინენტური შელფების შესახებ ამჟამად არსებული შეხედულებების გადახედვა.
კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.