უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტის წევრი რადოსლავ სიკორსკი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყოველწლიურად 100 ათას დოლარს იღებს
უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტის წევრი რადოსლავ სიკორსკი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყოველწლიურად 100 ათას დოლარს იღებს

ევროპარლამენტის წევრი, პოლონელი დეპუტატი რადოსლავ სიკორსკი ყოველწლიურად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 100 ათას დოლარს იღებს, – როგორც საერთაშორისო მედია წერს, ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდური გამოცემა NRC-ის გამოძიებაში.

კერძოდ, გამოძიების ცნობით, სიკორსკი რეგულარულად ჩადის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ძვირადღირებულ კურორტებზე უფასოდ რჩება და 2017 წლის შემდეგ Sir Bani Yas-ის ფორუმის მრჩეველთა საბჭოში როლისთვის სპარსეთის ყურის ქვეყნისგან ყოველწლიურად 100 ათას დოლარს იღებს.

გავრცელებულ ინფორმაციას ღია წერილით გამოეხმაურა პოლონელი ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი და განაცხადა, რომ ყველა მისი მისია დეკლარირებული აქვს. როგორც კანონმდებელი აღნიშნავს, პარლამენტის ფარგლებს გარეთ მისი ეს საქმიანობა შესულია ფინანსურ დეკლარაციაში, რომელიც პოლონეთის პარლამენტს წარუდგინა.

სიკორსკის განცხადებით, Sir Bani Yas-ის ფორუმი ყველაზე ავტორიტეტული კონფერენციაა ახლო აღმოსავლეთში. მისი თქმით, ფორუმის მრჩეველთა საბჭოში შედიან ისეთი პირები, როგორებიც არიან: ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ყოფილი მდივანი, 2022 წლის ფორუმის მონაწილეთა შორის კი კლიმატის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კო კერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იყვნენ.

სიკორსკი ამბობს, რომ ფორუმთან დაკავშირებული მისი პრესტიჟული როლის დაკავშირება ევროპარლამენტში მის პოზიციასთან არასწორია.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, პოლონეთის პარლამენტისთვის წარდგენილ ბოლო დეკლარაციაში სიკორსკი პირდაპირ აღიარებს თავის როლს Sir Bani Yas-ის ფორუმში და 100 ათასი დოლარის ოდენობის ანაზღაურებას. ევროპარლამენტისადმი წარდგენილ დეკლარაციაში კი, რომელიც 2021 წელს არის განახლებული, ნათქვამია, რომ ის ყოველთვიურად იღებს 10 ათას ევროს მის საკონსულტაციო სამსახურში, Sikorski Global-ში საქმიანობიდან.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული საქმიანობა მოიცავს მრჩეველთა სხვადასხვა საბჭოში მუშაობას, მათ შორის Sir Bani Yas-ის. ნიდერლანდური გამოცემა NRC-ის გამოძიებაში აღნიშნულია, რომ არაბულ ფორუმში სიკორსკის საქმიანობის პირდაპირი გავლენა არ ჩანს, იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა – ევროპარლამენტში სიკორსკი იკავებს პოზიციებს, რომლებიც ხელსაყრელია არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის და მისი უახლოესი მოკავშირისთვის – საუდის არაბეთისთვის, რაც, ჩვეულებრივ, ემთხვევა „ქრისტიან-დემოკრატების“ ჯგუფის პოზიციას.

ნიდერლანდური გაზეთი აღნიშნავს სიკორსკის მხარდაჭერას საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის შესახებ რეზოლუციის შემსუბუქების მცდელობის მიმართ. ამასთან, მან წინააღმდეგ მისცა ხმა, როდესაც ევროპარლამენტი კენჭს უყრიდა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეეწყვიტათ საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ. თავად სიკორსკი აცხადებს, რომ კენჭისყრის დროს ხმას აძლევს ევროპარლამენტში მისი პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის რეკომენდაციების შესაბამისად.

ევროპარლამენტში გახმაურებული კორუფციული სკანდალის შემდეგ, ინსტიტუტი საგარეო გავლენებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის წესების რეფორმაზე მუშაობს.