უცხოური მედიის ცნობით, აშშ უკრაინისთვის და კიდევ 18 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ორ მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სამხედრო დახმარების სახით ორ მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის და რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი 18 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აცნობა კონგრესს, რომ გრძელვადიანი უცხოური სამხედრო დახმარების სახით ორი მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს უკრაინისთვის და მისი 18 მეზობლისთვის, მათ შორის ნატო-ს წევრებისთვის და რეგიონული პარტნიორებისთვის, რომლებიც მომავალი რუსული აგრესიის ყველაზე დიდი პოტენციური რისკის წინაშე დგანან.
როგორც სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული თანხიდან ერთ მილიარდ დოლარს უკრაინას გამოუყოფენ, დანარჩენს კი საქართველოს, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოს, ხორვატიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, ჩეხეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.
აღნიშნული თანხა დაეხმარება ამ ქვეყნებს შეაკავონ და დაიცვან თავი მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე გაჩენილი საფრთხეებისგან ნატო-სთან მათი სამხედრო ინტეგრაციის გაძლიერებით და რუსეთის გავლენისა და აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით.
„ეს დახმარება კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, როგორც დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომავლის მიმართ, ასევე რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოების მიმართ“, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.