უცხოური მედია საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე წერს - აშშ-მა საქართველოსთან უსაფრთხოების პაქტი ექვსი წლით გაახანგრძლივა
უცხოური მედია საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ვიზიტის შესახებ წერს.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ აშშ-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილ ახალ დოკუმენტზე ამახვილებს ყურადღებას. გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ქართველ კოლეგასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებას, რომელიც აფართოებს აშშ-ის ძალისხმევას მოკავშირე ჯარების წვრთნასთან დაკავშირებით რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე.
გამოცემა წერს, რომ 18 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების სახელწოდებაა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ და იგი მიზნად ისახავს 2018 წელს დაწყებული საწვრთნელი პროგრამის გაგრძელებას. როგორც ოსტინმა აღნიშნა, ინიციატივა ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვითი ინსტიტუტების გაუმჯობესებაზე და ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებაზე. თუმცა, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, ამჟამად არ ჩანს, რომ აშშ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ძალისხმევის მხარდასაჭერად მეტი პერსონალით ან იარაღით.
როგორც გამოცემა თავდაცვის უწყებაში წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ ელოდება, რომ ახალი შეთანხმებით გათვალისწინებული პარტნიორობა დაახლოებით ექვს წელი გაგრძელდება. პროგრამა ფოკუსირებულია ძირითადად საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვაზე, თუმცა ის შესაძლოა, განვითარდეს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეს.
ლოიდ ოსტინის დროს გაფორმებული ახალი შეთანხმების შესახებ წერს გამოცემა The Hill, რომელიც აქვეყნებს სტატიას სათაურით – „აშშ-მა საქართველოსთან უსაფრთხოების პაქტი ექვსი წლით გაახანგრძლივა“. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ შეთანხმება ჩაანაცვლებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ანალოგიურ პაქტს, რომლის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება.
„ეს წარმოა დგენს ჩვენს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ მნიშვნელოვან ფაზას“, – მოჰყავს გამოცემას ლოიდ ოსტინის მიერ თავდაცვის სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადება.
„ჰილი“ ასევე წერს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეთანხმების მიზანია, დაეხმაროს ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს კიდევ უფრო განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები და წინ წასწიოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები. „ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს, შექმნას ეფექტიანი შეკავება და თავდაცვა, და ასევე, მოიცავს სამხედრო სწავლებებს“, – აღნიშნავს გამოცემა.
როგორც „ჰილი“ წერს, უსაფრთხოების გაფართოებული პაქტი აუცილებლად გააძლიერებს დაძაბულობას აშშ-სა და რუსეთს შორის, რომელიც ბოლო წლებში მუდმივ ზემოქმედებას ახორციელებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ტერიტორიის მოსაპოვებლად. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მოკლე ომის შემდეგ, მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე მოიპოვა კონტროლი.
შავ ზღვაზე რუსეთის საფრთხის ფონზე, აშშ-მა და საქართველომ სამხედრო საწვრთნელ პაქტს მოაწერეს ხელი, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას Defence News.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და მისმა ქართველმა კოლეგამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის რეგიონის მოკავშირისთვის სამხედრო მომზადების გაფართოებასთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, შეთანხმების ხელმოწერა თავდაცვის მდივნის რეგიონული ტურნეს ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია რუსეთის აგრესიის წინა ხაზზე მყოფი აღმოსავლეთ მოკავშირეებისადმი მხარდაჭერის დადასტურება.
როგორც მედიასაშუალება წერს, საქართველო და უკრაინა ნატო-ს ასპირანტი ქვეყნები არიან, ხოლო რუმინეთი ნატო-ს წევრია. Defence News აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფების განთავსების ფონზე, ნატო არ დათანხმებულა საქართველოს წევრობის წინ წაწევაზე, დასავლეთი ასევე ზემოქმედებას ახდენს საქართველოზე კორუფციის აღსაკვეთად და დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად. საქართველოს რეფორმების ძალისხმევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უპასუხა.
„აშშ ყოველთვის იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და დამოუკიდებლობის ძლიერი მხარდამჭერი და ჩვენ თანმიმდევრულად ვცდილობთ, გავაძლიეროთ მისი დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენმა საელჩომ აღნიშნა გარკვეული პრობლემები ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ასევე გამოვხატეთ საკუთარი რწმენა საქართველოს უნარისადმი, გააუმჯობესოს ეს მიმართულება“, – მოჰყავს გამოცემას ლოიდ ოსტინის განცხადება.