ადგილობრივი მედია - მინსკში ანტისამთავრობო დემონსტრაციაში სულ მცირე 200 ათასი ადამიანი მონაწილეობს [ვიდეო]
ბელარუსული საინფორმაციო პორტალის Tut.By-ს მონაცემებით, მინსკის ცენტრში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციაში სულ მცირე 200 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
მანიფესტაციაში მონაწილეობს არჩევნებზე პრეზიდენტ ლუკაშენკოს მთავარი მეტოქის, პრეზიდენტობის კანდიდატის სვეტლანა ციხანოვსკაიას თანაგუნდელი მარია კოლესნიკოვა. მან საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები გამოაცხადა.
„ყოფილი პრეზიდენტი უნდა გადადგეს. მან ქვეყანა ძალადობაში ჩაახრჩო“, – განაცხადა კოლესნიკოვამ.
თავის მხრივ, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 65 ათასი ადამიანი მივიდა. თავად ლუკაშენკომ სიტყვით გამოსვლისას აქციაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50 ათასად შეაფასა. სახელმწიფო მედიის ცნობით კი, მიტინგში 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.