უცხოური მედია - მილიონობით ამერიკელი სამხედროს ელექტრონული წერილი შეცდომით მალიში, რუსეთის მოკავშირეებთან იყო გაგზავნილი
მილიონობით ამერიკელი სამხედროს ელექტრონული წერილი შეცდომით მალიში, რუსეთის მოკავშირეებთან იყო გაგზავნილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ზოგიერთი ელექტრონული წერილი შეიცავდა სენსიტიურ ინფორმაციას, როგორებიცაა პაროლები, სამედიცინო ჩანაწერები და უმაღლესი ოფიცრების მარშრუტები.
ამასთან, „ფაინენშალ თაიმსის“ თანახმად, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია, ჰოლანდიელმა ანტრეპრენერმა, იოჰანეს ზურბიერმა პრობლემა 10 წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინა. მედიის ცნობით, 2013 წლის შემდეგ ზურბიერს კონტრაქტი ჰქონდა დადებული მალის ინტერნეტდომენთან, რის შედეგადაც გასულ რამდენიმე თვეში მან ათასობით არასწორად გაგზავნილი მეილი აღმოაჩინა. როგორც მედია წერს, მათგან არცერთი მეილი არ იყო მონიშნული, როგორც გასაიდუმლოებული ფაილი, თუმცა მოიცავდა სამედიცინო მონაცემებს, აშშ-ის სამხედრო ობიექტების რუკებს, ფინანსურ ჩანაწერებს და ოფიციალური მოგზაურობის დაგეგმვის დოკუმენტებს, ასევე ზოგიერთ დიპლომატიურ შეტყობინებას.
მიმდინარე თვეში ზურბიერმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს გაუგზავნა წერილი, სადაც მოუწოდებდა მათ, განგაში აეტეხათ მომხდარზე. მისი თქმით, კონტრაქტი მალის მთავრობასთან მალე დასრულდება, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიერ ამ ინფორმაციის გამოყენება რეალურია.
პენტაგონში აცხადებენ, რომ მათ მიიღეს შესაბამისი ზომები ამ საკითხის მოსაგვარებლად. თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა კი „ბიბისის“ განუცხადა, რომ მათ იციან ამ საკითხის შესახებ და მას სერიოზულად აღიქვამდნენ.