უცხოური მედია ბიძინა ივანიშვილის მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 მილიონის გადაცემის შესახებ წერს
უცხოური მედია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 მილიონის გადაცემის შესახებ წერს.
„საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 30 მილიონ ლარს (10,7 მილიონი აშშ დოლარი) შესწირავს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში. მისი პარტიის, „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა გუნდს გამარჯვება მიულოცა და პირობა დადო, რომ საქველმოქმედო ფონდიდან გამოყოფს თანხას ამ „ისტორიული და საოცნებო გამარჯვების“ აღსანიშნავად. ივანიშვილი, რომლის ქონებაც 4,9 მილიარდი დოლარია, კიდევ 30 მილიონ ლარს დაჰპირდა ეროვნულ ნაკრებს, თუ საქართველო კვირას მერვედფინალში ესპანეთს დაამარცხებს“, – წერს სააგენტო „როიტერი“.
„მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ნაკრებს £8.4 მილიონს აჩუქებს“, – ამ სათაურით აქვეყნებს მასალას „ბიბისი“.
„საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ 8,4 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადასცემს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევრო 2024-ზე პორტუგალიის დამარცხების შემდეგ. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ყოფილი ფრანგი მცველი ვილი სანიოლი მართავს, ოთხშაბათს პორტუგალია 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. ივანიშვილმა, რომელმაც მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ დააფუძნა და 2012 წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა, პორტუგალიასთან გამარჯვებას „ისტორიული და საოცნებო გამარჯვება“ უწოდა. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის დამარცხების შემთხვევაში გუნდი დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს“, – წერს „ბიბისი“.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატების შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ 23 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი გადაეცემოდა, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ კი ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ეროვნული ნაკრები დამატებით 30 მილიონი ლარით დაჯილდოვდება.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
27 ივნისს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა, ხოლო ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.