უცხოური მედია - აშშ-ს „ინჯირლიკის“ სამხედრო ბაზის გადატანა თურქეთიდან ერაყის ქურთისტანში ან სირიის ქურთულ ტერიტორიაზე სურს
აშშ-ს „ინჯირლიკის“ სამხედრო ბაზის გადატანა თურქეთიდან ერაყის ქურთისტანში ან სირიის ქურთულ ტერიტორიაზე სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას ერაყული გამოცემა Almaalomah ავრცელებს.
გამოცემის წყარო ინფორმაციით, ვაშინგტონის განზრახვის შესხებ ინფორმაცია ჯერჯერობით ჭორის დონეზეა, თუმცა ერაყის მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსებას შეეწინააღმდეგება.
ერაყის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის დამთავრების შემდეგ, აშშ სამხედრო კონტიგენტს შეამცირებს. ერაყმა რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ გამარჯვება გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა ჯიჰადისტების მცირე ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
„ინჯირლიკის“ ავიაბაზის მშენებლობა 1955 წელს დასრულდა. მაშინ აშშ-მა და თურქეთმა ობიექტის ერთობლივი სარგებლობის ხელშეკრულება გააფორმეს.