უცხოეთში დასაქმების მსურველთა საკითხებზე, დღეიდან ახალი სტრუქტურა მიგრაციის საკითხთა სამმართველო იმუშავებს
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში მიგრაციის საკითხთა სამმართველო იქმნება. ამას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.
ბრძანების თანახმად, მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია: შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი ბაზისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი; შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში პოტენციური პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია ასევე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობებისა და ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება; პოტენციური შრომითი მიგრანტების ინფორმირებისა და კონსულტირებისათვის საჭირო საინფორმაციო და მეთოდური მასალების მომზადება/განვითარება; პოტენციური შრომითი მიგრანტების ინფორმირებასა და კონსულტირებაში მონაწილეობა; საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია და შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა; უცხოელი დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად კანდიდატურების წინასწარი (პირველადი) შერჩევის პროცესის ორგანიზება; უცხოელი დამსაქმებლის მიერ საბოლოოდ შერჩეული კანდიდატებისთვის გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგების ორგანიზება;
ბრძანების შესაბამისად მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ფუნქციაა: საზღვარგარეთ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოებისა და კერძო პირების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება, სისტემატიზაცია და ანალიზი; შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; საქართველოში შრომითი იმიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება, დასაქმებული იმიგრანტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა/განვითარება; საქართველოში ფუნქციონირებადი დასაქმების კერძო სააგენტოების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; საზღვარგარეთ დასაქმების ხელშემწყობი საქართველოში ფუნქციონირებადი სააგენტოებისა და კერძო პირების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება და ანალიზი; საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის სარეინტეგრაციო მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სამმართველოში ხუთი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის კადრებიდან შეირჩა.