უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც საქართველო გარკვეული გარემოებების გამო დროულად ვერ დატოვეს, ქვეყანაში ყოფნა 30 ივნისამდე უკანონოდ არ ჩაეთვლებათ
უცხოელებსა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც საქართველო გარკვეული გარემოებების გამო დროულად ვერ დატოვეს, ქვეყანაში ყოფნა 30 ივნისამდე უკანონოდ არ ჩაეთვლებათ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებაშია ნათქვამი.
ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შევიდა და დოკუმენტს უცხოელებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით გარდამავალი დებულება დაემატა.
„1. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 30 ივნისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
გ) თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება უკანონოდ და მასზე არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ იგი წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ცვლილება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2020 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.