უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ აღნიშნული საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.
საგამოძიებო უწყების მიერ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის, რომელ წლებს ეხება გამოძიება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საუბარია სავარაუდოდ 2006-2009 წლებზე.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთამ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.