უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები.
გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.