კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 29-ე ტურის შეხვედრები უხვგოლიანი და არაპროგნოზირებადი გამოდგა. ლიდერთა სამეულიდან ვერავინ მოიგო, ხუთ შეხვედრაში კი 24 გოლი გავიდა ანუ საშუალოდ 4,8 გოლი მატჩში.
„გაგრა“ მუხიანის სპორტულ კომპლექსში ქობულეთის „შუქურას“ შეხვდა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1. 28-ე წუთზე მასპინძელი გიორგი ქობულაძის გოლს ქობულეთელთა მცველმა გელა გოგიტიძემ 78-ე წუთზე უპასუხა.
„სამტრედიამ“ „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ ცხრა მოთამაშით დარჩენილი აუტსაიდერი ლანჩხუთის „გურია“ ვერ დაამარცხა 1:1. თუმცა, შეხვედრა მასპინძლებისთვის საუკეთესოდ დაიწყო: მე-15 წუთზე, ლანჩხუთელებს გიორგი ჯანჯღავა გაუძევეს. ამით „სამტრედიამ“ სწრაფად ისარგებლა და მე-20 წუთზე ლეგიონერის, ნიჯატ ყურბანოვის გოლით დაწინაურდა. სტუმართა საქმე 88-ე წუთზე კიდევ უფრო გართულდა, როდესაც მეორე მოთამაშეც, აბუჩი ამაეჩი გაუგდეს. ამის მიუხედავად, აუტსაიდერმა „გურიამ“ თამაში შემოატრიალა – ლიგის ერთ-ერთ ლიდერს 90+1-ე წუთზე ვანო კურდღელაშვილმა გაუტანა და ფრე – 1:1.
„კოლხეთი 1913“ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ საკუთარ სტადიონზე, „ფაზისზე“ დაბრუნდა, მაგრამ ძალიან სამარცხვინოდ – გუნდი „ზუგდიდთან“ 1:6 დამარცხდა. გამარჯვებულებიდან დუბლი შეასრულეს თორნიკე ჯიმშელეიშვილმა (3, 75) და არველოდ ხუნჯგურუამ (6, 69), ერთი გიგლა ბურკაძემ (29) გაიტანა, ერთიც საკუთარ კარში ნიკა კირკიტაძემ (31) ჩაჭრა. ფოთელებიდან ერთადერთი გოლის ავტორი თემურ ძაძამიაა (90).
მოულოდნელი შედეგით დასრულდა „გივი ჩოხელი – არენაზე“ გამართული მატჩი: მეოთხეადგილოსანმა „თელავმა“ უშუალო კონკურენტი, მესამე პოზიციაზე მყოფი „შევარდენი 1906“ გაანადგურა – 7:0 და მესამე ადგილზე დაწინაურდა. თელაველებიდან ირაკლი რუხაძემ (69, 77, 89) ჰეთთრიქი შეასრულა, ალექსანდრე კოშკაძემ – დუბლი (29, 65) და პლუს, ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მეტოქის კარი მიხეილ ბაშელეიშვილმაც (86) აიღო, ხოლო ერთიც საკუთარ კარში „შევარდენი 1906“-ის მცველმა ნიკა ჯიშკარიანმა ჩაჭრა.
სენსაციური შედეგით დასრულდა გათამაშების ლიდერის, თბილისის „მერანისა“ და აუტსაიდერთა ჯგუფში მოხვედრილი „ცხინვალის“ მატჩი. „სპაერის“ სტადიონზე მეტოქეებმა ქულები გაიყვეს 3:3. „ცხინვალი“ ზვიად ლობჯანიძისა (37) და ლუკა ჯანაშიას (51) გოლებით 0:2 დაწინაურდა. თბილისელებმა წონასწორობა აღადგინეს – გიორგი მიქაბერიძემ დუბლი (74, 78) შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 26 გოლით ლიდერობს. „ცხინვალი“ წინ (ცოტნე სამუშია, 89-ე წუთი) კიდევ ერთხელ გავიდა. თუმცა, გიორგი გაფრინდაშვილმა (90+1) ანგარიში მაინც გაათანაბრა. 90+4-ე წუთზე მოედნიდან „მერანის“ შემტევი გოგი ფიფია გააძევეს.
29 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
1. მერანი თბ – 71;
2. სამტრედია – 60;
3. თელავი – 48;
4. შევარდენი – 48;
5. შუქურა -39;
6. გაგრა – 32;
7. ცხინვალი – 30;
8. ზუგდიდი – 28;
9. გურია – 24;
10. კოლხეთი – 20.