კრისტალბეთლიგა 2 - ლიდერთა ზავი აუტსაიდერებთან
კრისტალბეთლიგა 2 - ლიდერთა ზავი აუტსაიდერებთან
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 32-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ორი ლიდერიდან, მოულოდნელად, ერთმაც ვერ მოიგო – ორივე მათგანი აუტსაიდერთა ზონის წარმომადგენელმა შეაჩერა.
 
გასავარდნთა ზონაში მოხვედრილმა „ცხინვალმა“ მუხიანის სპორტულ კომპლექსში ერთ-ერთ ლიდერს, მეორეადგილოსან „სამტრედიას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1. მასპინძლები იმედა აშორტიამ (40 წუთი) დააწინაურა, წონასწორობა კი სამტერდიელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ნიჯატ ყურბანოვმა 90+5-ე წუთზე აღადგინა და ერთ-ერთ ლიდერს ქულა შეუნარჩუნა. 90+6-ე წუთზე, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მასპინძელთა მცველი ავთანდილ სირაძე გააძევა.
კონკურენტ „სამტრედიას“ შეფერხებით შეეძლო ესარგებლა გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის „მერანს“, რომელიც „ევგრაფი შევარდნაძე – არენაზე“ ლანჩხუთის „გურიას“ ესტუმრა – ამ შეხვედრის მოგებით თბილისელები ეროვნული ლიგის საგზურს ამ ტურშივე გაინაღდებდნენ . მაგრამ მატჩი 0:0 დასრულდა.
არეულია თბილისის „შევარდენი 1906“ – გუნდმა ამჯერად „გაგრასთან“ 0:3 წააგო. „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე ლაშა-გიორგი ობოლაძემ გახსნა, მეორე გოლი ბექა ნიკოლაშვილის (62) ანგარიშზეა, ხოლო საბოლოო ანგარიში ცოტნე ფაცაციამ (71) დააფიქსირა – 0:3. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოხვედრის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი „შევარდენი 1906“ მეოთხე წრეში იმდენად ცუდად თამაშობს, რომ წრის მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგო (გასვლაზე „ცხინვალთან“), ბოლო 4 ტურში კი მხოლოდ ქულა მოიპოვა და გოლიც ვერ გაიტანა.
32-ე ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება. განმუხურში „ზუგდიდი“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს, ხოლო „გივი ჩოხელი – არენაზე“ „თელავი“ აუტსაიდერს, ფოთის „კოლხეთი 1913“-ს მიიღებს.