უჩა სეთური - ოპერატორებს არ უნდათ ლიცენზიის შეძენა „ცუდი“ პირობების გამო, თუმცა რაც მე ვნახე სხდომებზე, კომუნიკაციების კომისიამ ყველაფერი დაუკმაყოფილა
მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური სოციალურ ქსელში 5G-სთან დაკავშირებით „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ პოზიციებს ეხმაურება და კომპანიების წინააღმდეგობების მიზეზზე საუბრობს.
სეთურის თქმით, კომუნიკაციების კომისიამ დიდ ოპერატორებს 2019 წლიდან პირობები შეუმსუბუქა და, მათ შორის, აუქციონის მოთხოვნები დაუკმაყოფილა, თუმცა უშედეგოდ.
სეთური აუქციონში კომპანიების მონაწილეობის არმიღების მიზეზად „მაგთიკომის“ დამფუძნებლის პოზიციას ასახელებს, რომელიც გია ჯოხთაბერიძის ჯერ კიდევ 2022 წლის 16 მარტს გააკეთა.
„მოკლედ ისევ სანტა ბარბარაა, რა, ამ 5G-ს ამბებზე გაჩაღებული. ისტორია ისევ მეორდება და დავდივართ უსასრულოდ ამ წრეზე, დაწყებული ოპერატორების უკმაყოფილებით და ეფემერული მიზეზების და „სადღეგრძელოების“ გამოქვეყნებით, ასევე როგორც „5G-მ ჩიტები დახოცათი“ და „სიმინდი აღარ იზრდებათი“ ველოდები ამ ნარატივების დატრიალებას.
ზუსტად იგივე იყო 3G–ზე, იგივე იყო 4G-ზეც და იგივე იყო სხვა ტექნოლოგიაზეც, თუმცა ეს ახალი ტექნოლოგია არსებითად განსხვავებულია და მნიშვნელოვანი.
თვითმიზანი ნამდვილად არაა 5G? sჭირდება ყველას და სწრაფი ინტერნეტი ყველაზე ნაკლები სიკეთეა, რაც 5G-ს მოაქვს. 5G თავის პირველ რიგში ემსახურება IoT-ს, იგივე ნივთების, იგივე საგნების, და ზოგადად, „ინდუსტრიული კომუნიკაციის“ განვითარებას, გაციფრული ეკონომიკისთვის და უალტერნატივოა ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის.
ოპერატორებს არ უნდათ ლიცენზიის შეძენა „ცუდი“; პირობების გამო, თუმცა რაც მე ვნახე სხდომებზე, ყველაფერი დაუკმაყოფილეს მარეგულირებელი კომისიიდან. არადა, დიდი ოპერატორები არიან ყველგან ინოვაციების შემომტანები და ამ დიდ საქმეში დიდი ფულის ჩამდებებიც. ოპერატორებს მაინც არ უნდათ 5G. მარეგულირებელი კომისია 2019 წლიდან მოყოლებული „ეფერა“; დიდ ოპერატორებს, ლიცენზიის თანხა შეუმცირა, გადადო აუქციონი სადღაც ორი წლით, დაშვების პირობები გაუმარტივა, ნაწილობრივ MVNO ვალდებულება მოუხსნა (რატომ, გაურკვეველია ოღონდ) – შედეგი მაინც არაა და ეს ბოლო ათი დღეა, ვკითხულობთ „სადღეგრძელოებს“; იმის შესახებ, თუ რატომ არ ვარგა ლიცენზიის პირობები, თუ რა ადრეა ამ ქვეყანაში ტექნოლოგიური რევოლუცია და ა.შ. აბა რა, რად გვინდა 5G ან რად გვინდა კონკურენცია – 4.9999 G უნდა ამოვწუროთ ჯერ!!! ხო, რეალური მიზეზები გაზიარებულ სტატიაში, ალალად და ღიად ნათქვამი!“ – წერს უჩა სეთური.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 მარტს „მაგთიკომმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ. გია ჯოხთაბერიძის თქმით, საქართველოს ბაზრისათვის მე-5 თაობის ქსელი ამ ეტაპზე ნაადრევია, ვინაიდან ის ძირითადად მაღალტექნოლოგიურ საწარმოებზეა ორიენტირებული, რითიც საქართველო განებივრებული არ არის. საცალო სეგმენტი, როგორც მსოფლიო კვლევები აჩვენებს, შემოსავლების კუთხით იმდენად უმნიშვნელოა, რომ მე-5 თაობის ქსელის აგების ხარჯს ვერ ამოიღებს.