უჩა სეთური - 8-10 წელია, ინტერნეტ ბაზარს არ შეხებია კომისია, დღეს მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც გარდამტეხია და ევროპულ გამოცდილებას ემყარება
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მიღებულ ახალ რეგულაციებს გარდამტეხ ცვლილებად აფასებს.
სეთური ამბობს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ლიბერალური ქართული ინტერნეტ ბაზარი უნდა დაშენდეს და განვითარდეს. მისი განცხადებით, ინტერნეტ ბაზარზე ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი რეგულაცია აქამდე არ განხორციელებულა.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რის შედეგადაც მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ფასს 7-8-ჯერ შეუმცირებს, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლებისთვის უკეთესი ხარისხის ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი რეგულაციები მომხარებლებზე 3-6 თვეში უკვე აისახება.
„უნდა ითქვას, რომ ეს არის გარდამტეხი რეგულაცია, რომელზეც უნდა დაშენდეს ლიბერალური ქართული ინტერნეტ ბაზარი. ამის თქმის არ მეშინია, რადგან ეს არის სწორედ ის ბარიერი, რომელიც არსებობდა აქამდე და ქმნიდა პრობლემებს. მცირე ოპერატორები გამოკეტილები იყვნენ რეგიონებში. სწორედ კანალიზაციასთან დაშვების, კაბელის ქირაობისა და არხების დაშვების უფლება მიუღწევადი იყო მათთვის უარის,ან მაღალი ფასის გამო. ეს ბარიერები მოიხსნება. ეს არის ბაზისი, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდეგი პროცესები და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდ წილად ეს პრობლემები მოგვარდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ15იანვრიდან, როცა ეს რეგულაცია ამოქმედდება, დაახლოებით 3-6 თვეში მომხმარებელი იგრძნობს ამას, როგორც მომსახურების ხარისხზე ასევე ფასებზე.ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარდამტეხი რეგულაცია“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას უჩა სეთურმა.
სეთური მოუწოდებს კომპანიებს, გამოიყენონ კომისიის მიერ მიღებული რეგულაცია და ნებისმიერი წინააღმდეგობის შესახებ აცნობონ კომისიას.
„მივმართავ ყველა ოპერატორს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს ბაზისი, რადგან თუ ოპერატორებმა არ მოითხოვეს დაშვება და კომისიას არ მისცეს ინფორმაცია სად რა ვითარებაა ისე რეგულაცია ვერ აღსრულდება. ამ ინსტრუმენტს სჭირდება გამოყენება, რომელიც კომისიამ შექმნა კონკურენციის გაზრდისთვის. დაახლოებით 8-10 წელია ამ ბაზარს არ შეხებია კომისია, მაგრამ დღეს მიღებულია ეს გადაწყვეტილება, რომელიც მაღალპოროფესიონალურია და ემყარება ევროპულ გამოცდილებას, რომელშიც კომისიის გამოცდილი თანამშრომლების გარდა, ექსპერტები იყვნენ ჩართული. ასე რომ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი მოთხოვნა ამ კუთხით დაკმაყოფილებულია”, – აცხადებს სეთური.