უჩა აბაშიძის ადვოკატი - პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა
ბლოგერ უჩა აბაშიძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას არ ეთანხმება.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
„სასამართლომ, სამწუხაროდ, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ისევე როგორც საქმეების აბსოლუტურ უმეტესობაზე აკმაყოფილებს ხოლმე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ამ ტიპის საქმეებზე. ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. უნდა დავამუშაოთ და შემდეგ გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას, დავგეგმავთ თავად უჩასთან ერთად“, – განაცხადა ადვოკატმა.
შოთა თუთბერიძის განმარტებით, უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე ბრალს არ აღიარებენ.
„ბუნებრივია, არ აღიარებენ ბრალს, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ვხედავდით, როგორ არღვევდნენ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები კანონს, როგორ ტარდებოდა ჩხრეკა, როგორ არ იქნა უზრუნველყოფილი მოწმეებისა და ადვოკატის დასწრება და მონაწილეობა ჩხრეკის პროცესში, როგორ არ იქნა გამორიცხული საგამოძიებო ორგანოს მიერ შესაძლებლობა, რომ ჩხრეკის დროს მომხდარიყო სხვადასხვა სახის კანონდარღვევა, მათ შორუს ყოფილიყო უზრუნველყოფილი პროცედურული წესების დაცვით ნივთების ამოღება, დალუქვა, აღრიცხვა. უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ის, რომ ინფორმაცია, რომელსაც გამოძიება იღებდა ჩხრეკის შედეგად, ყოფილიყო საიმედო და ყველა დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ნამდვილად იქნა ჩხრეკის ადგილიდან კონკრეტული ნივთები ან მტკიცებულებები ამოღებული. არ მინახავს ნამდვილად (ჩანაწერები). ცოტა უსინდისობა მგონია, თავად დაიტოვო უფლება, რაც გინდა, ის გამოაქვეყნო, რაც გინდა, ის ისაუბრო და მეორე მხარეს შეუზღუდო უფლება, თავად პასუხი გაგცეს“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.