უჩა აბაშიძე - პოლიციაშიც ამბობენ, რომ ყოველდღე მიდიან საჩივრით ტურისტები, რომლებიც მოატყუეს
არ ვიცი, რა მასშტაბზეა საუბარი, მაგრამ პოლიციაშიც გვითხრეს, რომ ყოველდღე მიდიან საჩივრით ტურისტები, რომლებიც მოატყუეს, – ამის შესახებ პროგრამისტმა, უჩა აბაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„კლუბები ასე მუშაობენ – მოჰყავთ კლიენტი და ცდილობენ, შეინარჩუნონ. ანუ, უნდათ, ეს კლიენტი განმეორებით მივიდეს. საქმე იმაში არ არის, რომ ერთჯერადად დიდ ფასს ეუბნებიან. უბრალოდ, პრომო გოგონებს კლიენტის თავიანთ კლუბში მოსაყვანად იყენებენ. ეს კლუბი, რომელიც „ახალი კვირის“ ექსპერიმენტში იყო, ერთადერთია, რომელშიც ტურისტი იმისთვის მოჰყავთ, რომ მას ერთჯერადად წაართვან ფული და გაუშვან. რამდენადაც ვიცი, ბათუმში იყო კიდევ ერთი კლუბი და როგორც პრომო გოგონამ მოყვა, ახლა, ეს კლუბი აპირებს თავისი ფილიალის გაკეთებას თბილისში“, – განაცხადა უჩა აბაშიძემ.
ამ განცხადებით უჩა აბაშიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად მასშტაბურია საქართველოში ტურისტების საკმაოდ კარგად აწყობილი თაღლითური სქემით მოტყუების ფაქტები.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მისი მეგობარი ტურისტი ამ კლუბის მახეში გაება და პოლიციაში განცხადებაც დაწერა, მაგრამ როგორც პოლიციაში განუცხადეს, თუ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, საქმე არ აღიძვრებოდა.
„ძალადობა არ ყოფილა. ფიზიკური შეხება არ იყო. პოლიციაში გვითხრეს, თუ რამე საქმეს აღვძრავთ, მაშინ ტურისტი უნდა დარჩეს, სასამართლოები იქნება და თქვენ ეს არ გაწყობთო. ანუ, ჩვენება ჩაიბარეს მხოლოდ, რაღაც ნომერი მოგვცეს და სახელი გამომძიებლისა, რომელიც იმის მერე არ შეგვხმიანებია“, – განაცხადა უჩა აბაშიძემ.
აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ მის მეგობარ ტურისტს პრომო გოგონები ქუჩაში გამოელაპარაკნენ, აღნიშნულ კლუბში მიიყვანეს და შეკვეთა მისცეს, ბოლოს კი, ექვს ჭიქა წყალში 1 400 ლარი გამოუწერეს.
„ამ სისტემაში პრომო გოგონები ცდილობენ, თავი ისე მოგაჩვენონ, თითქოს, ტურისტს ეკითხებიან, რა სურს. ამ შემთხვევაში კი, ეს გოგონები პირდაპირ ქართულად უკვეთავდნენ, რაც მათი „ეტიკეტის“ დარღვევა იყო“, – განაცხადა უჩა აბაშიძემ.
მისი თქმით, ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რომ ტურისტი თავს მოტყუებულად გრძნობს და ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯს აზარალებს.
„ტურისტს 140 ლარად რომ მიიყვანენ აეროპორტიდან თავისუფლების მოედნამდე, მერე კი ქალაქის დანარჩენ უბნებში სამ ლარად იმგზავრებს, თვითონაც ხვდება, რომ მოატყუეს, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ორმოცი ევრო დაკარგა თუ არა, ის თავს მოტყუებულად გრძნობს და ფიქრობს, რომ საქართველო მესამე დონის ქვეყანაა, აქ ისევ ტყუიან, იპარავენ და ა.შ. ჩვენ რომ ძალიან გვქონდეს სახელი განთქმული და ტურისტისთვის სხვა მხრივ გვქონდეს შესათავაზებელი, ამას შესაძლოა, არა უშავდეს, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვის კომფორტული ქვეყანა ვიყოთ, რადგან მსოფლიოში სოციალური მედიაც ახლა გაჩნდა და მათ აქვთ საშუალება, ერთმანეთს თავიანთი ეჭვები და შიშები გაუზიარონ იმის შესახებ, რა შეიძლება, საქართველოში მოხდეს“, – განაცხადა უჩა აბაშიძემ.