რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. წინადადების წარმოდგენის ვადა 20 აგვისტოს იწურება. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის ოთხზოლიანი 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის (ჩუმათელეთი-არგვეთა), მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას“, – აღნიშნავენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.
უბისა-შორაპანი ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1530686965.
პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდი 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული.