უამინდობის გამო საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციები მობილიზებულები არიან ყველა მიმართულებით, გზები 24-საათიან რეჟიმში ინტენსიურად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი.
„რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლისა და წვიმის სახით ჭარბი ნალექი მოვიდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციები მობილიზებულები არიან ყველა მიმართულებით, გზები 24-საათიან რეჟიმში ინტენსიურად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის სპეციალური მოძრაობის რეჟიმები: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ასევე, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ193 (ჯვარი-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ22-კმ80 (დოლოგანი-ხულო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება და შეზღუდული ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ28-კმ90 (იდუმალა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქარის და ნამქერების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.