უამინდობის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ93 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლისა და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ30–კმ40 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ლიპყინულის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.