უამინდობის გამო რამდენიმე საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა
უამინდობის გამო რამდენიმე საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვა დაწესდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე, სადაც ასევე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, ასევე, შეზღუდვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის (კმ93-კმ107) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.