უამინდობის გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები ერთი კვირით შეფერხდა
უამინდობის გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები შვიდი დღით შეფერხდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის რეგიონის ინსპექტორმა ზაზა ჩხიკვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, უამინდობას ტაძრისთვის პრობლემა არ შეუქმნია.
„ტაძარში წყლის ჩადინება არ დაფიქსირებულა. ეს იყო პრევენციის მიზნით გათვალისწინებული დროებითი გადახურვა. რაც შეეხება ტენიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ტენიანობის სხვა მიზეზები არსებობს, რაზეც დამატებით კვლევები ჩატარდება. ატმოსფერული ნალექების ჩადენა არ ხდება. დარჩენილია 3-4 დღის სამუშაო და ამინდის გამოსვლისთანავე დასრულდება. რაც შეეხება ღვთისმშობლის სახელობის მთავარ ტაძარს, ამჟამად მიმდინარეობს ინტერიერში განსათავსებელი ხარაჩოების მოწყობის სამუშაოები ფრესკების შემდგომი დათვალიერების მიზნით. მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის ძირითადი ნაწილი დასრულებულია“, – განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.
ამასთან, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბექა ბარამიძემ განაცხადა, სახურავის ფენილებზე მოსაწყობი სახურავის სიბრტყეების მონტაჟის გარდა, სამუშაოები გულისხმობს წყალშემკრები სისტემებისა და ამავდროულად მიწის ნიშნულზე სანიაღვრე სისტემების მონტაჟს, რომელიც უზრუნველყოფს ორივე ტაძრის საძირკველთან წყლის კონცენტრაციის არიდებას.
„მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მართლაც განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, რთული კლიმატური პირობების გამო, მხოლოდ რამდენიმე დღით გადაიწია სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადამ. როგორც წმინდა გიორგის ტაძარზე, ისევე მთავარი ტაძრის სახურავებზე სამუშაოები მომდევნო კვირაში დასრულდება“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.