უახლოესი ერთი სეზონი სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ვიქნები - ქალთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კლუბს დაემშვიდობა #1TVSPORT
უახლოესი ერთი სეზონი სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ვიქნები - ქალთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კლუბს დაემშვიდობა #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო კლუბის, სოხუმის „დინამოს“ ახალწვეულმა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო პასიკაშვილმა ახალ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა და კლუბ „კვარტალს“ (სადაც ბოლოს თამაშობდა) მადლობა გადაუხადა.

„დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა „კვარტალზე“ და ვერ მოვძებნე შესაბამისი სიტყვები. უბრალოდ, ამ კლუბზე საყვარელი, თბილი, კეთილი, ოჯახური და მეგობრული არაფერი მინახავს. თქვენ ჩემი „სუპერ“ ბიჭები და გოგოები ხართ და ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ასე იქნება. ვიცი, რომ თქვენი იმედი ნებისმიერ საკითხში უნდა მქონდეს და ეს არაერთხელ დაგიმტკიცებიათ! ვისურვებდი რომ, საქართველოში ყველა კლუბი ასეთი ერთგული, ერთი დიდი ოჯახი ყოფილიყოს (არ მიწყინოთ, ყველა კლუბს პატივს გცემთ!). დღეს, ეს გადაწყვეტილება მივიღე. უახლოესი ერთი სეზონი „დინამო“ სოხუმის ფეხბურთელი ვიქნები და მადლობა, ამ კლუბს ღირსეული თანამშრომლობისთვის“, – წერია მიმართვაში.

სოხუმის „დინამოს“ ახალწვეულს წლების განმავლობაში უთამაშია უკრაინის, თურქეთის, ბელარუსის და საქართველოს კლუბებში. ბოლო სეზონში ქალთა ლიგის ვიცე-ჩემპიონის, „კვარტალის“ ღირსებას იცავდა.

სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდი ახალი სეზონისთვის საგრძნობლად გაძლიერდა და სხვადასხვა ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშე დაიმატა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი ნინო პასიკაშვილია, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშების რაოდენობით ერთ-ერთი რეკორდსმენია – 2009 წლიდან 92 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ნინო პასიკაშვილმა 2014 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. 2019 წელს კი GIPA-ში ფეხბურთის მენეჯერის სერთიფიკატი მიიღო.