ზამთრის თასის ფინალისტები ცნობილია - „ბათუმი“ სოხუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
ზამთრის თასის ფინალისტები ცნობილია - „ბათუმი“ სოხუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT

ფუტსალში ქალთა შორის „ზამთრის თასის“ ½-ფინალური მატჩები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა და ფინალისტები ცნობილია. ქალთა ლიგაში დაბრუნებული „ბათუმი“ სოხუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

„მართვე“ – „ბათუმი“ 4:6

პირველი ნახევარფინალისტი ქუთაისის სპორტის სასახლეში გამოვლინდა. ადგილობრივმა „მართვემ“ „ბათუმს“ უმასპინძლა – სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ 1:4 იგებდნენ. იმერულმა კლუბმა იბრძოლა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა – ბათუმელებმა 4:6 მოიგეს.

„სამეგრელო“ – „დინამო სოხუმი“ 2:2 (2:3 პენ.)

წყვილში ფავორიტად მოქმედი ჩემპიონი, ჩხოროწყუს „სამეგრელო“ ითვლებოდა. თუმცა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა სოხუმელებმა მოიგეს. გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 დაწინაურდა, „სამეგრელომ“ კი წონასწორობა ტაიმის დასასრულამდე 29 წამით ადრე აღადგინა – 2:2. დამატებით ტაიმებში გოლი აღარ გასულა, პენალტების სერიაში კი სოხუმელებმა 2:3 მოიგეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ფუტსალში ქალთა შორის „ზამთრის თასის“ ფინალი 6 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გადამწყვეტი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.