წარმატება საერთაშორისო ტურნირზე - სოხუმის „დინამო“ თურქეთიდან დაბრუნდა #1TVSPORT
წარმატება საერთაშორისო ტურნირზე - სოხუმის „დინამო“ თურქეთიდან დაბრუნდა #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ალანიაში, დასრულდა საერთაშორისი ტურნირი Turkish Holidays, სადაც სოხუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის 15 და 16-წლამდელთა გუნდებმა წარმატებით ითამაშეს.

მთავარი ჯილდოსთვის ბევრი ცნობილი გუნდის საფეხბურთო აკადემია მონაწილეობდა – „ბეშიქთაში“, „ალანიასპორი“, პლევენის „სპარტაკი“, „გალათასარაი“, „ანტალიასპორი“… ომის გამო რამდენიმე გუნდმა თურქეთში ჩასვლა და მონაწილეობა ვერ მოახერხა, მათ შორის, უკრაინიდან დონეცკის „შახტარმა“.

რთულ შეხვედრებში სოხუმელთა მომავალმა თაობამ ღირსეულად ითამაშა და ორივე გუნდმა ტურნირზე საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. ამას გარდა, „დინამოს“ მოთამაშეებმა პირადი ჯილდოებიც მიიღეს – 16-წლამდელთა შორის ტურნირის საუკეთესო მცველად გიორგი გურგენიძე დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ნახევარმცველად – დაჩი მამულაშვილი.

„ჩვენი აკადემია ტურნირზე მომავალ წელსაც მიიწვიეს და სოხუმის „დინამო“ საერთაშორისო ასპარეზზე მომავალ წელსაც ვიხილავთ. ასევე უნდა ითქვას, რომ მივიღეთ მოწვევა ბულგარეთის ქალაქ ვარნის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 2023 წელს ჩვენი აკადემია აუცილებლად ითამაშებს. ამას გარდა, 24-27 ივლისს ჩვენი ქალთა გუნდი მიიწვიეს საერთაშორისო ტურნირზე საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, სადაც ჩვენი აკადემიის 11-12 წლის გოგონები გამოვლენ“, – გვითხრა სოხუმის „დინამოს“ დირექტორმა დავით თაქთაქიშვილმა.