სოხუმის „დინამო“ თურქულ ტურნირზე მიემგზავრება და საქართველოს დროშით ითამაშებს #1TVSPORT
სოხუმის „დინამო“ თურქულ ტურნირზე მიემგზავრება და საქართველოს დროშით ითამაშებს #1TVSPORT

17 მარტს სოხუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის 16-წლამდელთა გუნდი თურქეთის ქალაქ ალანიაში გაემგზავრება, სადაც 21 მარტს სტარტს აიღებს საერთაშორისო ტურნირი Turkish Holideys, რომელიც 25 მარტს დასრულდება.

სოხუმის „დინამოს“ აკადემიის გუნდის შესაძლო მეტოქეების სია შთამბეჭდავად გამოიყურება. ტურნირის ორგანიზატორებმა მიიწვიეს – თურქეთიდან „გალათასარაი“ და „ფენეხბახჩე“, იტალიიდან „ლაციო“ და „ფიორენტინა“, ესპანეთიდან „სელტა“, გერმანიიდან – „ვერდერი“, უკრაინიდან – დონეცკის „შახტარი“.

ჯერ უცნობია, ჩვენი გუნდი ჯგუფში ვისთან ითამაშებს – კენჭისყრა 20 მარტს იქნება, ტურნირი კი 21 მარტს დაიწყება, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტურნირის ინტრიგა არსებობს – თურქეთში ასევე მიიწვიეს რუსული გუნდი – თავიდან დაგეგმილი იყო მოსკოვის ცსკა-ს ჩასვლა, საბოლოოდ კი ორგანიზატორებმა მიწვევა მოსკოვის „ლოკომოტივს“ გაუგზავნეს.

ასე რომ, რუსული გუნდი, შესაძლოა, საქართველოდან სოხუმის „დინამოს“ შეხვდეს, ხოლო უკრაინიდან – დონეცკის „შახტარს“. ჩვენი გუნდის წასვლის მთავარი მოტივაცია არის ის, რომ სოხუმის „დინამო“ სახელი საერთაშორისო ასპარზზე ქართული დროშის ქვეშ გაიტანოს, აჩვენოს სპორტული შედეგი, ხოლო ბავშვები დიდ გამოცდილებას მიიღებენ.