უახლოეს მომავალში მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატება
უახლოეს მომავალში მეტროს კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატება

უახლოეს მომავალში თბილისის მეტროპოლიტენს კიდევ ორი, სრულიად მოდერნიზებული შემადგენლობა დაემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, თუ რამხელა ყურადღება ეთმობა ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოწესრიგებას. ამ პროექტის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ, მეტროს ახალი შემადგენლობა დავამატეთ, რათა მეტროთი გადაადგილება კომფორტული გახდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ მეტროს იმ არსებული ვაგონების რეაბილიტაცია, რომელსაც ამის რესურსი აქვს. მეტროს ორივე ხაზს ორი ახალი შემადგენლობა დაემატა. ასევე, უახლოეს მომავალში კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მეტროსადგურებში მოცდის დრო შევამციროთ. გასულ წელთან შედარებით, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ითაა გაზრდილი. შესაბამისად, აუცილებელია, სერვისი იყოს გაუმჯობესებული, ვაგონები – კომფორტული, მოცდის დრო კი 2.5 წუთამდე შემცირდეს. მოცდის დრო თავიდან ოთხი წუთი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი სამ წუთზეა დაყვანილი. ვსაუბრობ პიკის საათებზე, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მიწისზედა მეტროს პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ორი მიმართულებით იგეგმება: სამგორიდან ლილოს მიმართულებით – სამგორი-აეროპორტი და თბილისის დაკავშირება რუსთავთან მეტროს ხაზით.

„გუშინ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომ წარმოადგინონ პროექტი. ასევე, უნდა შემუშავდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ეს დოკუმენტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში დამუშავდება. რუსთავის მიმართულებით, მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა სრულ სურათს მოგვცემს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.