უახლოეს დღეებში ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ უახლოეს დღეებში კიდევ ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. კლინიკის რეგიონული დირექტორის, ლევან ანთიძის განცხადებით, დაწყებულია პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევები. მისივე თქმით, კორონავირუსი აღარ უდასტურდება ყველაზე მძიმე პაციენტს. 78 წლის მამაკაცს, რომელიც თითქმის ერთი თვე მართვით სუნთქვაზე იყო, კორონავორუსი აღარ აქვს.
„დღეს კლინიკა სამმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის ორი მედიკოსია, ერთი კი, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. რამდენიმე პაციენტი ელოდება კვლევის შედეგებს ლაბორატორიიდან და ამ დღეებში კიდევ რამდენიმეს გავწერთ. ამ დროისთვის, 19 პაციენტი რჩება, ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ერთ-ერთია პაციენტი, რომელიც მართვის სუნთქვაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო. ის მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, ახლა მიმდინარეობს მისი სხვა კლინიკაში ან სახლში გადაყვანაზე მსჯელობა. ეს პაციენტი საჭიროებს ზოგადად მოვლას, რადგან ინსულტი აქვს განვითარებული. დიდი ხანია, მას კორონავირუსი არ აღენიშნება“, – განაცხადა ანთიძემ.