იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მეშახტეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ ტყიბულში განაცხადა, სადაც მეშახტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.
„მინდა, ყველა მეშახტეს მივულოცე პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო მათ იმ წვლილისთვის, რაც მათ შეაქვთ ამ დარგის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი საქმიანობა კიდევ უფრო დაფასებული იყოს და კიდევ უფრო მეტი როლი ითამაშონ მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და კომპანია „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ აღდგომელაშვილმა მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მეშახტის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც ცნობილი მსახიობები და მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
ასევე დაგეგმილია შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული მსვლელობა და გასართობი პროგრამა, მოზარდებს საბავშვო ატრაქციონები უმასპინძლებს, ბავშვებისთვის ხატვის კონკურსიც გაიმართება, რომელში გამარჯვებულს კომპანია „საქნახშირი“ დაასაჩუქრებს.
დღის ბოლოს ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების გამოსვლა, შემდეგ კი დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.