ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მეშახტეები მოითხოვენ, შეიცვალოს „საქნახშირის“ ადმინისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ.
„მოვითხოვთ თანამდებობა დატოვოს კომპანიის ხელმძღავანელობამ, პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე, ვინც ტყიბული ძაძებით შემოსილ ქალაქად აქცია. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, ქალაქში გააჩერონ მუშაობა და შემოგვიერთდნენ. ქალაქის პარალიზება უნდა მოხდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაგონოთ ჩვენი ხმა ვისაც საჭიროა. ასევე ვითხოვთ, მაქსიმალურად გაკონტროლდეს უსაფრთხოების ნორმები“, – აცხადებს ხვიჩა გაბუნია.
მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.