ტყიბულში ერთი სკოლის 18 მოსწავლეს და ოთხ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან 18 არასრულწლოვანია. ისინი ერთი სკოლის მოსწავლეები არიან. ოთხი ინფიცირებული კი ამავე სკოლის პედაგოგია.
ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 120-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტში ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები მუშაობენ და გრძელდება კონტაქტების ძიება.
„ჩვენ ჯანდაცვის სამსახურთან, განათლების რესურსცენტრთან ერთად ვმუშაობთ კონტაქტების დადგენაზე. ჩართულია მთელი ჩვენი აქტივი. გავალთ საბოლოო კონტაქტებზე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, დისტანცირებულზე გადავიდეს სწავლა თუ გავაგრძელოთ ჩვეულებრივ რეჟიმზე. ერთი სკოლიდან არიან, 18 მოსწავლე და ოთხი პედაგოგი. ჯერ ბოლომდე არ ვართ კონტაქტებზე გასული, 120 კონტაქტამდე გავედით უკვე. კიდევ გვაქვს დარჩენილი სამუშაო. დღეს და ხვალაც გაგრძელდება და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ.
მისი განმარტებით, ჯერ უცნობია, ხვალიდან რა სახით განახლდება სკოლაში სასწავლო პროცესი. ჩუბინიძის თქმით, ეს დამოკიდებულია კონტაქტების საბოლოო გამოკვლევაზე.
„ჯერ თავს შევიკავებ პასუხისგან. იმ კლასებში, სადაც დადასტურდა, რა თქმა უნდა, დისტანციურზე გადავიყვანთ. დანარჩენებზე შედეგების მიხედვით განვსაზღვრავთ“, – დასძინა ტყიბულის მერმა.