ტყიბულის შახტში შემთხვევების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობასა და პარლამენტს ორ მოთხოვნას უყენებენ
ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ორ მოთხოვნას უყენებენ.
მესამე სექტორი, საკანონმდებლო ორგანოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხოლო მთავრობას ტყიბულის ეკონომიკური განვითარების გეგმის წარმოდგენას სთხოვს.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს.
„ჩვენ ვაყენებთ ორ ძალიან მნიშვნელოვან მოთხოვნას. პირველი – პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც პარლამენტი გააანალიზებს, შეისწავლის უკანასკნელ წლებში, ამ შემთხვევის ჩათვლით მომხდარ ყველა შემთხვევას, როდესაც ტყიბულის შახტებში მოხდა ადამიანების დაღუპვის თუ დასახიჩრების ფაქტები
კომისიამ პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებზე, რატომ იყო გამოძიება ამ შემთხვევებში ესეთი არაეფექტიანი და შედეგის მოტანის გარეშე რატომ სრულდებოდა ის.
მეორე მთავარი მოთხოვნა გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. ისინი ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ტყიბულში გაჩნდეს ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების გეგმა, თუმცა არც ერთ ეტაპზე არ მიუღიათ გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის გატარებაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ერთ თვეში წარმოადგინონ ტყიბულის რეგიონის ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც უნდა შემუშავდეს დაინტერესებული ჯგუფების, ექსპერტების, მუნიციპალიტეტის თუ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და ძალიან მალე, დამტკიცებისთანავე უნდა დაიწყოს მისი აღსრულება და დანერგვა იმისთვის, რომ ტყიბულში შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობები ადამიანების დასაქმების კუთხით. მიუხედავად იმისა, სამომავლოდ ტყიბულის შახტების გახსნის თუ დახურვის თაობაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
შევეცდებით, რომ გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური იმისთვის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღოს”, – განაცხადა EMC სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ.
მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.