ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის საგამოძიებო მოქმედებებში გაერთიანებული პროფკავშირებიც ჩაერთვება, – ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
საგამოძიებო მოქმედებაში ჩართვა ირაკლი პეტრიაშვილმა მინდელის შახტაში მეშახტეების დაღუპვისა და დაშავების შემდეგ მოითხოვა.
„ჩვენ მივიღეთ დასტური, რომ ჩვენი წარმომადგენლები ჩაერთვებიან საგამოძიებო მოქმედებებში, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, შრომის ინსპექციისგან, ისე კომპანიის ადმინისტრაციისგან. აქ რჩებიან ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც ამ ფაქტებს გამოიძიებენ, თუ რა მოხდა რეალურად და რასთან გვაქვს საქმეე“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ნეიტრალური და დამოუკიდებელი დასკვნის გაკეთებისთვის ხელისუფლებას საერთაშორისო ექსპერტების მოწვევისკენ მოუწოდა. ასევე ირაკლი პეტრიაშვილი სახელმწიფოს მოუწოდებს, ტყიბულის შახტის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თანხები გამოყოს. მისი შეფასებით, მხოლოდ ბიზნესი ვერ გაწვდება ხარვეზების გამოსწორებას.
„ჩვენი 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, ტყიბულის შახტებს სჭირდება რეაბილიტაცია. ამისთვის საჭიროა სახელმწიფო დახმარება. მხოლოდ ბიზნესი ამას ვერ გაწვდება. საჭიროა, სახელმწიფომ გამოყოს თანხა, შემუშავებულ იქნას სარეაბილიტაციო გეგმა. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ტყიბულში მუშაობის გაგრძელება და შრომა უსაფრთხოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკი მუდმივად იქნება, რომ ტრაგედია ხვალ და ზეგაც განმეორდეს“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.