ტყიბულის მაღაროში გამოვლენილი სხვადასხვა სახის დარღვევის გამო, შრომის ინსპექციამ აფეთქებითი სამუშაოების შეჩერებისა და კონკრეტული უბნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
ჯანდაცვის სამინისტრო ტყიბულის მაღაროში ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის მაღაროში ინციდენტის მოკვლევა უკვე დაიწყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე მოხდა მყისიერი რეაგირება და ინსპექტორთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის მაღაროში პირველადი მოკვლევის შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახურმა საამფეთქებლო სამუშაოების შეჩერებისა და კონკრეტული უბნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
„მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს. პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის ერთ პროცენტზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.
დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვით საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.
გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.
შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ტყიბულის მაღაროში გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.