ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში 64-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში 64-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
ცენტრის გახსნის ცერემონიას იმერეთის გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ადგილობრივები 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებენ.
„აქ გაიცემა ყველა სერვისი, რაც თბილისის იუსტიციის სახლში. ეს აჩვენებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის თანასწორობა მათთვის კანონით მინიჭებული ყველა მომსახურების თანაბრად და მარტივად მიღებაშიც გამოიხატოს”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
გახსნის ცერემონიის პარალელურად, სოფელი საწირეს საზოგადოებრივ ცენტრში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები იყო წარმოდგენილი, რომლებიც 1918-1921 წლების მოვლენებს ასახავს.