ტყავისა და თამბაქოს პროდუქცია, საათი, ფეხსაცმელი - ევროპელი მწარმოებლები ფალსიფიცირებული პროდუქციის გამო წლიურად 60 მლრდ ევროთი ზარალდებიან
ევროპელი მწარმოებლები ფალსიფიცირებული პროდუქციის გამო ყოველწლიურად დაახლოებით 60 მილიარდი ევროთი ზარალდებიან. ამის შესახებ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
„მსუბუქი სასამართლო განაჩენები და ინვესტიციებიდან მაღალი შემოსავლები დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის ფალსიფიცირებული ნივთების დასამზადებლად სტიმულს წარმოადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის ავტორების თქმით, ფალსიფიცირებული ნივთების მწარმოებლები სულ უფრო მეტად პროფესიონალები ხდებიან, გაყალბებული პროდუქციის პალიტრა კი – უფრო ფართო.
უწყების პროგნოზით, მსგავსი საქმიანობის შედეგად ზარალმა შესაძლოა, მომავალში წელიწადში 85 მილიარდ ევროს მიაღწიოს.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის მონაცემებით, ფალსიფიცირებული ნივთების დიდი ნაწილი ჰონგ-კონგში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთში მზადდება. ევროკავშირში კი, ყალბი პროდუქცია ალბანეთის, მაროკოსა და უკრაინის ტერიტორიების გავლით ხვდება.
ანგარიშში 2013 წლიდან 13 დარგში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა. ყველაზე ხშირად ფალსიფიცირებულ ნივთებს შორისაა – საათები, ფეხსაცმელები, პარფიუმი, კოსმეტიკა, ასევე ტყავისა და თამბაქოს პროდუქცია.