თვითმფრინავი, რომლითაც პეტრო პოროშენკო ვარშავიდან გაფრინდა, კიევის აეროპორტში დაჯდა
ყოფილი პრეზიდენტი და პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი, პეტრო პოროშენკო უკრაინაში ჩავიდა. თვითმფრინავი, რომლითაც ის მგზავრობდა, კიევის „ჟულიანის“ აეროპორტში დაჯდა.
უკრაინაში გამგზავრებამდე, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა ვარშავის აეროპორტში ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ არ აპირებს ციხეში ჩაჯდომას.
„პირველი – მე არ ჩავჯდები. მეორე – არავის მივცემ უფლებას, ციხეში ჩამსვას. მე იულია ტიმოშენკო არ ვარ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ ვარშავის აეროპორტში.
ამასთან, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკური ხასიათი აქვს და გააკეთებს ყველაფერს, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა უფრო ეფექტურად გააგრძელოს.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.