თვითიზოლაციაში მყოფებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნა 15-17 ნოემბერს შეეძლებათ
თვითიზოლაციაში მყოფებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნა 15-17 ნოემბერს შეეძლებათ

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 15 და 16 ნოემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკო-ს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს – 2 51-00-51 (0). ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო.

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება; ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ: №2 – „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, №5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, №10 – „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, №24 – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“, №36 – „გირჩი“, №41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ცესკო-ს ცნობით, მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1 914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ცხრა უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 81 სპეციალური უბანი.

13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო დადგენილებები, რომელთა თანახმადაც არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი, ასევე მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა.

მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები.