თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგის პროცესში პოლიციაც ჩაერთვება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 21 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციის რეკომენდაცია 1 108 ადამიანმა მიიღო.
გამყრელიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
ამიტომ გამყრელიძის განმარტებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგის პროცესში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩართვასთან დაკავშირებით.
„21 თებერვლიდან თვითიზოლაცია სხვადასხვა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან ერჩია 1108 ადამიანს. მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ჩვენს მთავარ პრობლემას დღეს წარმოადგენს თვითიზოლაციაში ადამიანთა მონიტორინგი. შესაბამისად, მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილებები, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შსს-ს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების.
ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ ყველა ადამიანს, ვინც თვითიზოლაციაში ან კარანტინშია, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ კარანტინი, თუ თვითიზოლაცია, რადგან ეს დაკავშირებულია თვითონ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ასევე მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და მთლიანად საზოგადოების უსაფრთხოებასთან. მოგეხსენებათ, ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტია“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.