თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობაში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებენ
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობაში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებენ. ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters -ი იუწყება.
ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი ტრაპეზნიკოვის განმარტებით, გამოძიებამ, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, აჩვენა, რომ აფეთქება უკრაინის მხრიდან საბოტაჟის მოწყობის მცდელობა იყო.
ტრაპეზნიკოვის თქმით, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით საზღვრები დაიხურა. ოლქის ტერიტორიაზე კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. სეპარატისტულმა ძალებმა კი მომხდარი ტერაქტად შეაფასეს. ამასთან რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკში აფეთქებას ალექსანდრ ზახარჩენკოსთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. დაშავებულია 11 პირი.
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო, დონეცკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კაცე „სეპარში“ აფეთქების შედეგად დაიღუპა. თავდასხმის დროს დაშავდა ასევე სამი ადამიანი. მათ შორის არის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. შემოსავლების მინისტრი, ალექსანდრ ტიმოფეევი.