თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთი რუსეთს ე.წ. რუსი სამშვიდობოების რაოდენობის ზრდას სთხოვს
თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთი რუსეთს ე.წ. რუსი სამშვიდობოების რაოდენობის ზრდას სთხოვს

თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთი რუსეთს ე.წ. რუსი სამშვიდობოების რაოდენობის ზრდას სთხოვს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლეონიდ მანაკოვმა განაცხადა.

მანაკოვის თქმით, ამის მიზეზი უსაფრთხოების რისკების მატებაა.

„ამჟამად უსაფრთხოების ზონაში რუსი სამშვიდობოების რაოდენობა 450-ს არ აღემატება, როდესაც საკონტროლო კომისიის მიერ დადგენილი რაოდენობით 3 100 ადამიანია გათვალისწინებული. იურიდიულად, კონტინგენტის გაზრდა გამართლებული იქნება უსაფრთხოების რისკების გაუარესებიდან გამომდინარე, მათ შორის ტერორისტული საფრთხის თვალსაზრისით და ასევე, ეს იურიდიულად გამართლებულია შერეული საკონტროლო კომისიის საქმიანობის ფარგლებში მიღებული დოკუმენტებით“, – ამბობს ლეონიდ მანაკოვი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, დნესტრისპირეთში შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებამ ეს უარყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დნესტრისპირეთზე თავდასხმა იქნება რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმის ტოლფასი.

კიშინიოვი რეგულარულად მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ე.წ. რუსი სამშვიდობოები მოლდოვის ტერიტორიიდან, თუმცა რუსეთი ამაზე უარს ამბობს.