„ტვიტერის“ ყოფილ თანამშრომლებს საუდის არაბეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ
„ტვიტერის“ ყოფილ თანამშრომლებს საუდის არაბეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ამერიკული კომპანიის ორ თანამშრომელს სან ფრანცისკოს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. ბრალდების თანახმად, ისინი სოციალური ქსელის მომხმარებელთა პირადი მონაცემების მოპოვებას ცდილობდნენ, მათ შორის საუდის არაბეთის ხელისუფლების აქტიური კრიტიკოსების.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული ორი პირი აშშ-ის მოქალაქე აჰმად აბუამო და აი ალზაბარა საუდის არაბეთიდან არიან. საქმის ფარგლებში ჯაშუშობაში ასევე ბრალი ედება მესამე პირსაც, საუდის არაბეთის მოქალაქე აჰმედ ალმუტაირის, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, მოქმედებდა როგორც შუამავალი „ტვიტერის“ თანამშრომლებსა და საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის.
აჰმად აბუამო სიეტლის სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა და მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებულ. ანბუამოს ასევე ბრალი ედება დოკუმენტების გაყალბებასა და გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენებების მიცემაში.
„ბიბისის“ ცნობით, აბუამო კომპანია „ტვიტერში“ მედიასთან ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახური 2015 წელს დატოვა. საქმის დანარჩენი ორი ფიგურანტი კი სავარაუდოდ საუდის არაბეთში იმყოფებიან. ალზაბარი „ტვიტერში“ ინჟინრად მუშაობდა, მას სოციალური ქსელის 6 ათასზე მეტი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვებაში ადანაშაულებენ.