ტვერელის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს
ტვერელის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერასული კორპუსის მშენებლობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ოპოზიციური პარტიების წევრებმა გააპროტესტეს.
ისინი მერიის მიერ გაცემულ ნებართვას უკანონოს უწოდებენ. მათი თქმით, მშენებლობა უსაფრთხოების დაცვით არ მიმდინარეობს და საფრთხე ექმნება მეზობლად მცხოვრებ მოსახლეობას. აქციის მონაწილეთა ნაწილი მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და პროექტის კორექტირებას მოითხოვს.
აქციის მონაწილეებს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები დახვდნენ. კომპანია „ემკეი დეველოპმენტი” (MK Development), რომელიც სამუშაოებს აწარმოებს სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კომპანიის იურისტის, ირაკლი დაუთაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ზოგიერთ პოლიტიკოსს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
იურისტის განცხადებით, კომპანია სამსართულიან კორპუსს ყველანაირი წესის დაცვით აშენებს. ჩატარებულია გეოლოგიური კვლევები და პროექტს გავლილი აქვს შემოწმება კულტურის სამინისტროს კომისიაში.
ინვესტორის თქმით, მშენებლობის ნებართვა მერიამ 2018 წლის 18 ოქტომბერს გასცა. მისივე ინფორმაციით, 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე შვიდი ოჯახი წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სწორედ ამხანაგობა „მთაწმინდა რეზიდენსის” სურვილით დაიწყო სახლების დემონტაჟი და ახალი ობიექტის მშენებლობა. კომპანიამ განმარტებები მობინადრეებთან ერთად გააკეთა. მათ აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მშენებლობა საძირკველს უთხრის ტაძარს, სიმართლეს არ შეესაბამება და კომპანიამ დამცავი კედელი მშენებლობის დაწყებამდე თავად ააშენა.