„ტვ პირველის“ წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას სასამართლო 30 ნოემბერს გამოაცხადებს
„ტვ პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლო 30 ნოემბერს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. დაცვის მხარის ადვოკატის, მარიამ კაპანაძის განცხადებით, საქმეში არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, რომ მაია მამულაშვილის პოზიცია ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში.
„მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება მაშინ, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა ავალდებულებს მოსარჩელეს, წარმოადგინოს საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტი და დაადასტუროს, თუ რატომ გვაქვს სახეზე ცილისწამება. ამის საპირისპიროდ, ჩვენი მხრიდან წარმოვადგინეთ როგორც ფაქტობრივი მტკიცებულებები, ასევე არაერთი სამართლებრივი არგუმენტაცია, რომლებიც ცალსახად ამყარებს ჩვენს პოზიციას. მოლოდინი იმისა, რომ ეს საქმე შეიძლება ჩვენ მოვიგოთ, ნამდვილად არ მაქვს ერთი მარტივი მიზეზი გამო, იმის გამო, რომ არსებული სასამართლო სისტემა ვერ გაბედავს კახი კალაძის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა ადვოკატმა.
კახა კალაძის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. გაბუნიას თქმით, დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენია.
„დღეს ჩვენ მოწინააღმდეგე მხარისგან მივიღეთ ლექცია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რასაც არაფერი ახლოს არ ჰქონდა პაექრობასთან და სამართლებრივ არგუმენტებთან. თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულებები გააჩნდა, არა „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო კლიპი, რომელსაც ატრიალებენ, ვუყურე და ამიტომაც არის კახა კალაძე კორუმპირებულიო, ძალიან დიდი ბოდიში, ამას არავინ გაატარებს. აბსურდების კორიანტელი მოვისმინეთ. დარწუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ საქმეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს სხდომაზე, რომ, გარდა ბელეტრისტიკისა, გარდა თეორიული წიაღსვლებისა, არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არ ყოფილა კორუფციულ სქემებსა და 60 მილიონის ჯიბეში ჩადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.
თბილისის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვს.