თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გზა, რომელიც ოქტომბრიდან მთელ ზამთრის განმავლობაში ჩაკეტილია, მეწყერისგან და ქვა-ღორღისგან იწმინდება. ამ დროისთვის სამუშაოები ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზეა მისული. გზის გაწმენდას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენერჯი ნგრუპი“ აწარმოებს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ახმეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, ახმეტის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მძიმე სპეცტექნიკა გადასცა. ბულდოზერის ტიპის ტრაქტორი ხვალიდან თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება.
„სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ტექნიკა უკვე უღელტეხილის იქით გადავიდა. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 56-ე კმ-ზე, სადაც შარშან გზა დატბორილი იყო, რამდენიმე დღის წინ ვერტმფრენით დავათვალიერეთ და გზა წყლით დაფარული არაა. ახლა მთაში თოვლი მოვიდა, ამას გადაუღებელი წვიმებიც ერთვის და მდინარე ალაზნის დონე რამდენად მოიმატებს, იმაზეა დამოკიდებული, რა მდგომარეობა იქნება გზის ამ მონაკვეთზე“, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
ახმეტის მერი, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გახსნის ზუსტ დროს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ გზის გახსნა მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისი შუა რიცხვებამდე დაკეტილია. ზამთრის სეზონზე მთაში რამდენიმე ოჯახი რჩება. მთასთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას ვერტმფრენი წარმოადგენს, რომელიც სამშაბათობით ასრულებს რეისს და მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობის გადაყვანას უზრუნველყოფს.