თუშეთისკენ მიმავალი გზის ერთი ზოლი გახსნილია, ამის შესახებ პირველ არხს ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მოვლაზე და გაწმენდით სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანია „გერალის” დირექტორმა, ტარიელ წიკლაურმა განუცხადა.
„ერთი ზოლი გავხსენით. იყო ძალიან ბევრი მანქანა და მთაში მიმავალი საქონელი. ამ ეტაპზე დაწესებულია შეზღუდვები, რაც იმას ნიშნავს, რომ მთიდან ბარისკენ მომავალი მანქანები მონაცვლეობით გაივლიან. ხან ბარიდან მთისკენ მიმავალ ტრანსპორტს გავუხსნით გზას, ხან პირიქით, მთიდან ბარისკენ მომავალს. ასე იქნება, სანამ არ მოხდება დამეწყრილი ტერიტორიის სრულად გასუფთავება და ალტერნატიული გზის გაყვანის სამუშაოების დასრულება“,- განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მეწყრულ ზონაში გაკეთდა 3 იარუსიანი შემაკავებელი ტერასები, რომელიც ქვის ცვენას შეაკავებს. როგორც კომპანია „გერალში“ ამბობენ, მთელი ზაფხულის განმავლობაში ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე იმორიგევებს ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით და რაციებით.
მათ მეწყერსაშიშ ზონაში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება დაევალათ.
ტარიელ წიკლაური ვარაუდობს, რომ ზაფხულში მდინარე ალაზნის შემაკავებელი ლოდების აფეთქება შესაძლებელი გახდება, თუკი წყლის დონე დაიწევს და ლოდები გამოჩნდება.
„ჩვენი ექსკავატორი დიდი რისკის ქვეშ ჩავიდა წყლის ნაპირში და მცირე ნაწილის გახსნა შეძლო. ახლა 1,80 სმ-ზე წყლის დონემ დაიწია, სამუშაოებს ვაგრძელებთ, ტექნიკა ბევრი გვყავს, საგზაო დეპარტამენტმა დიდი დახმარება გაგვიწია.გზა ალბათ ერთ კვირაში მთლიანად გაიხსნება“, – ამბობს წიკლაური.
თუშეთისკენ მიმავალი გზა ორი წელია ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყრის და მდინარე ალაზნის გადაკეტვის შედეგად წარმოქმნილი ტბის გამო დაგვიანებით იხსნება. საავტომობილო გზაზე მოძრაობა სეზონურია და ამ გზით სარგებლობა მაისიდან ოქტომბრის ბოლომდეა შესაძლებელი.