თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე ტურისტები ნავით გადადიან
თუშეთში ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის საავტომობილო გზის გახსნა ვერ მოესწრო, თუმცა ამის მიუხედავად, უცხოელი ტურისტები მთაში ასვლას მაინც ახერხებენ.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვიდრე გზა გაიხსნება, ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები მიწის დიდი მასით შეგუბებული მდ. ალაზნისგან წარმოქმნილი ტბის გადალახვას მოტორიანი ნავით ახერხებენ. ტბის მეორე ნაწილზე კი გზას იქ დამხვედრი ავტომანქანებით აგრძელებენ.
„შპს „გერალი“, რომელიც თუშეთის გზის გაწმნედით სამუშაოებს ახორციელებს, უანგაროდ გვაძლევს საშუალებას, რომ ის ნავი გამოვიყონოთ, რომელსაც თავად მუშების გადასაყვანად იყენებს და ეს ჩვენც და ტურისტებსაც ძალიან გვეხმარება“, – განუცხადა პირველ არხს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლევან სულაკაურმა.
შპს „გერალის“ ხელმძღვანელის ტარიელ წიკლაურის განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დატბორილი ტერიტორიის ორივე მხრიდან მიმდინარეობს და თუშეთისკენ მიმავალი გზა ივნისის პირველ ნახევარში გაიხსნება.
თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზა მეწყერის ჩამოწოლის გამო შარშანაც ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნა. გასულ წელთან შედარებით წელს, უფრო დიდ მეწყერი ჩამოწვა და კვლავ მდინარე ალაზნის შეგუბება გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ტურისტული სეზონის ერთი თვით დაგვიანება მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება, რადგან საოჯახო სასტუმროების გასახსნელად ბანკებიდან აღებული კრედიტები დასაფარი აქვთ.